English / ქართული / русский /
სალომე სილაგაძე
ქალთა განათლება-ეკონომიკისგანვითარების ახალი საწყისი: პრიორიტეტები, წინაღობები და რეკომენდაციები

ანოტაცია

მსოფლიოს და მეცნიერების ყურადღების ცენტრში აქტიურად ექცევა ახალი ეკონომიკური ძალა, რომლის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. აღნიშნული ძალა აუმჯობესებს როგორც გლობალურ, ასევე ნაციონალურ ეკონომიკასა და საზოგადოებას.

ქალბატონების  ეკონომიკური და ფინანსური აქტივობა  მსოფლიოს განსხვავებული, თუმცა უფრო პოზიტიური რეალობის წინაშე აყენებს.  აღნიშნული წარმატება ვერ იქნებოდა მიღწეული განათლების გარეშე, რომლის მიღების უფლებაც ქალბატონებმა მხოლოდ რამდენიმე საუკუნის წინ მიიღეს.

აქტუალურ თემაზე დაფუძნებული მეცნიერული ნაშრომი განიხილავს იმ ცვლილებებს, რაც სუსტი სქესის წარმომადგენლების გააქტიურებას მოჰყვა ეკონომიკურ ბაზარზე და, ასევე, ის ანალიზს უკეთებს იმ სოციო-ეკონომიკურ ასპექტებს, რომლებიცხელს  უშლის ქალბატონების სრულფასოვანი განათლების მიღებას. მოცემული არგუმენტები დასაბუთებულია სანდო სტატისტიკური ინფორმაციით და გამყარებულია მაგალითებით, რომლებიც დადასტურებულია აღიარებული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევებით.

გასათვალისწინებელია, რომ ავტორი სტატიაში წარმოადგენს არა მხოლოდ პრობლემების ჩამონათვალს და მათ ანალიზს, არამედ მათი გადაჭრის სავარაუდო ხერხებსაც.

 შესავალი

ჯერ კიდევ 1898 წელს მწერალი შარლოტ პერკინს გილმანი თავის ნოვატორულ წიგნში "ქალი და ეკონომიკა _ ეკონომიკური ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის როგორც სოციალური განვითარების ფაქტორი" თავისი მოსაზრებების შესაბამისად ამტკიცებდა, რომ ქალთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მხოლოდ სიკეთის მოტანა შეეძლო საზოგადოებისთვის. დაახლოებით ასი წლის შემდეგ, ანუ 1995 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული  კვლევების თანახმად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები წელიწადში დაახლოებით 11 ტრილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებდნენ, მაშინ, როდესაც მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი ქვეყნის _ ჩინეთის 2015 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი 10.9 ტრილიონ დოლარს უდრიდა. მაქქინზის გლობალური ინსტიტუტის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მონაცემი 2025 წლისთვის 25 ტრილიონ აშშ დოლარს უნდა გაუტოლდეს, რაც თავისთავად იწვევს ეკონომიკაში სრულიად ახალი მიმართულებების განვითარებას. 

გენდერული თანასწორობის საკითხი იწვევს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესს, როგორიც არის მსოფლიო ბანკი (WORLD BANK), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (United Nations- UN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (Organisation for Economic Co-operation and Development- OECD) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (International Monetary Fund- IMF). აღნიშნული ინტერნაციონალური ინსტიტუტები აწარმოებენ სტატისტიკურ და მეცნიერულ კვლევებს, მდედრობითი სქესის ზეგავლენაზე მთლიან შიდა და ეროვნულ პროდუქტზე, ოჯახების ხარჯვის ჩვევებზე და ასევე, ფინანსური ტრანზაქციების რაოდენობასა თუ მიმართულებებზე.

ქალთა ეკონომიკა (Womenomics) იქცა  როგორც მდედრობითი სქესის ეკონომიკური დამოუკიდებლობის, ასევე ქვეყნების განვითარების შეფასების კრიტერიუმებად. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ეკონომისტები უკვე დეტალურად აკვირდებიან თუ რა შემოსავალი აქვთ მანდილოსნებს, თუ რამდენ მათგანს აქვს მაღალანაზღაურებადი თანამდებობება და თუ რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის მაღალი პროფესიული და საპარლამენტო პოზიციები. თუმცა, ყველა მეცნიერი ერთხმად აღიარებს რომ ქალების ეკონომიკური განვითარება დამსახურებაა მათი განათლების, რომლის უფლებაც მათ საერთაშორისო დონეზე მე-19 საუკუნის დასასრულისკენ მიიღეს. თუმცა, დღესაც არსებობს ქვეყნები, სადაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ  განათლება მიიღონ.

ეკონომიკური გენდერული თანასწორობის საკითხი იმდენად მწვავედ დგას სხვადასხვა სახელმწიფოებში,  რომ ხშირად მთავრობების მოთხოვნით ზევით აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიან, თუ რა ეკონომიკური, სოციალური თუ იურიდიული პოლიტიკის გატარება არის საჭირო იმისათვის რომ ქალებმა მიიღონ მეტი განათლება, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რამდენად აქტუალურია ქალთა როლის შესწავლა თანამედროვე საზოგადოებაში. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალთა უფლებებმა ყურადღება იმპერიის დანგრევიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიქცია. მას შემდეგ, რაც ყოფილმა წევრებმა სუვერენიტეტისა და თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა დაასრულეს, მთავრობების მთავარი საფიქრალი არა ომი, არამედ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება გახდა. წინსვლისთვის კი არა მხოლოდ მამაკაცების, არამედ ქალთა აქტიური მუშაობა და განვითარება არის საჭირო. თუმცა, ყველა საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრისათვის აღნიშნული საკითხი ერთ სიმაღლეზე არ დგას, გამომდინარე ქვეყანაში არსებული კულტურული და სოციალური მდგომარეობიდან.

შესაბამისად, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სტატიის მიზანია, განიხილოს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემული უახლესი ნაშრომები და სტატისტიკური მონაცემები თანამედროვე ქალბატონებზე, ქალთა განათლების როლზე თანამედროვე ეკონომიკაში და თუ რა წინააღმდეგობები ხვდებათ ქალებს განათლების მიღებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მონაცემები შედარდეს პოსტკომუნისტურ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასთან. წარმოდგენილია ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს ურჩევენ აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციები იმისათვის, რომ მდედრობით სქესის წარმომადგენლებს  დამატებითი მოტივაცია ჰქონდეთ სწავლისათვის.

სტატიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შევძლებთ გავაკეთოთ დასკვნები, თუ რა ეკონომიკური და სოციალური უპირატესობები აქვს განათლებული ქალების ყოფნას საზოგადოებაში, რა წინაღობები ხვდებათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს საერთაშორისო ასპარეზზე  განათლების მიღების მხრივ და თუ რა ეკონომიკური და საერთაშორისო პოლიტიკის გატარება შეუძლია სახელმწიფოს იმისათვის, რომ განავითაროს ე.წ. ქალთა ეკონომიკა.

1  ქალთა განათლების პრიორიტეტები

ადამიანებში ინვესტიციის გაკეთება აუმჯობესებს სოციალურ და ეკონომიკურ ფონს ახალგაზრდებში, რაც,  გაზრდილი ტემპით, ტექნიკური განვითარების და სიღარიბის შემცირების საწყისი ხდება. დამატებით, განათლებული ადამიანების წყალობით ქვეყანაში მცირდება ჩვილთა და ბავშვთა გარდაცვალების რაოდენობა, მაღლა იწევს ჯანმრთელობაზე ზრუნვის სხვადასხვა სოციალური თუ კერძო ინიციატივების/პროგრამების ხარისხი და, ასევე მომავალ თაობებში ჩადებული განათლების ინვესტიცია ორმაგდება. შესაბამისად, ქალბატონების განათლებაზე ფულის დახარჯვა ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს ისეთ ქვეყნებში, სადაც განათლების დონე სქესთა შორის ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, აფრიკის კონტინენტზე უფრო დიდი და აქტიური  ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ  ქალბატონები უფრო ეფექტურად ჩაერთონ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. გენდერული თანასწორობა განათლებაში საწყისია უკეთესი მომავლისაკენ სვლაში.

თუ გადავხედავთ ისტორიას და მაგალითად, განვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალთა განათლების ისტორიას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 1727 წლის შემდეგ (მაშინ, როდესაც წმ. ურსულას მონასტრის დედაოებმა პირველი ქალთა კათოლიკური სკოლა გახსნეს ამერიკაში) პირველ რიგში დაიწყო ქალთა უფლებების განვითარება, რასაც მოჰყვა მათი პოლიტიკური უფლებების მიღება (1920 წელს ქალებმა მიიღეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება), რასაც მოჰყვა ქალბატონთა აქტიურობა სამუშაო ბაზარზე.

მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა პირდაპირ ამტკიცებს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ქალთა განათლებასა და მომავალი თაობების ცხოვრების დონეებს შორის.

კონკრეტულად იმ საზოგადოებაში, სადაც განათლებულ სუსტი სქესის წარმომადგენლებს აქვთ საშუალება, რომ ისწავლონ (შესაბამისად მაღალია გენდერული თავისუფლების ინდექსი, Gender Parity Index, GPI), მცირდება გენდერული დისკრიმინაცია, ჩვილთა და ბავშვთა სიკვდილიანობა და იზრდება ადამიანთა განვითარების ინდექსი (Human Development Index, HDI). აღნიშნული კვლევების შინაარსს ამტკიცებს მსოფლიო ბანკის სტატისტიკა სქესთა თავისუფლების, სწავლის დაფინანსების, ჩვილთა გარდაცვალების ინდექსის და გაერთიანებული ერების ადამიანთა განვითარების მაჩვენებლების 2000-2012 წლამდე  სტატისტიკა:

ნახაზი 1. გენდერული თავისუფლების ინდექსი, დანახარჯი განათლებაზე (%), ჩვილთა გარდაცვალება და ადამიანთა განვითარების ინდექსები 2000-2012წ. [1]

როგორც ნახაზი 1-დან ჩანს 2000 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში საშუალო გენდერული თავისუფლების GPI ინდექსი საკმაოდ მომატებულია. ასევე, გაუმჯობესებულია ადამიანთა განვითარების და განათლებაზე დახარჯული თანხების რაოდენობა. რაც შეეხება ბავშვთა გარდაცვალების რაოდენობას, იგი დაახლოებით 20,000-ით არის შემცირებული.  შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ: იმისათვის რომ ქვეყანაში ცხოვრების დონე ამაღლდეს, საჭიროა სახელმწიფოს საჯარო პოლიტიკა ქალებს სრულ უფლებას აძლევდეს, რომ მიიღონ ნებისმიერი დონის განათლება.

2015 წლის მონაცემებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი GPI ინდექსი ესტონეთს ჰქონდა, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ყირგიზეთს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 2012 წლის კვლევის მიხედვით, სქესთა შორის განათლების დონის განსხვავება იზრდება განათლების საფეხურებთან ერთად. აღნიშნული განსხვავებები კი ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის შემცირების შემაფერხებელი მიზეზებია განვითარებადი ქვეყნებისათვის. საერთაშორისო ორგანიზაციის "გენდერული მოქმედების" (Gender Action) მიერ 2002 წელს გამოცემული ანგარიშის მიხედვით, კვლევების შედეგად გაირკვა, რომ აფრიკის გარკვეულ ქვეყნებში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში მინიმუმ 0.5%-ით გაიზრდებოდა გოგონებისთვის რომ სწავლის უფლება მიეცათ. დოლარ და გატტი-ს მიერ 1999 წელს ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით კი - თუ მსოფლიო მასშტაბით 1%-ით მეტი ქალი მიიღებდა განათლებას საშუალო სკოლაში, მთელი დედამიწის მასშტაბით შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 0,3%-ით გაიზრდებოდა.

დადებითი დამოკიდებულება, რაც თან ახლავს სწავლაში ფულის ინვესტიციას, არ აისახება მხოლოდ შემოსავლებსა და განათლებაზე. ინვესტიცია ასევე ზრდის გენდერული ძლიერების საზომს (Gender Empowerment Measure, GEM). აღნიშნული ინდექსის ზრდა კი, როგორც ჰარვარდის, მეინჰემის და ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტების მიერ შემდგარი მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, ამაღლებს ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტს. აღნიშნული მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მშპ-სა და გენდერული ძლიერების ინდექსს შორის ძლიერი კორელაციაა, რომელიც 0.8-ს უტოლდება (ნახაზი 2).

   ნახაზი 2. გენდერული ძლიერების ინდექსი და მშპ სხვადასხვა ქვეყნებში[2]

ნახაზის მიხედვით მტკიცდება რომ, რაც მაღალია GEM-ის მაჩვენებელი, მით უფრო უზრუნველყოფს ის სახელმწიფოს მაღალ მშპ-ს ჰქონდეს.

 2.განათლების მიღების შემაფერხებელი ფაქტორები

ა.მატერიალური სიდუხჭირე

განვითარებად სახელმწიფოებში კონსტიტუცია არ მოითხოვს, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ განათლება. თუმცა, მოსახლეობის სწავლის მისაღებად მოტივაციის ასამაღლებლად დაწყებითი კლასები მსგავს დუხჭირ ქვეყნებში უფასოა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ხარჯი გაბათილებულია სახელმწიფოში, ხშირ შემთხვევაში ოჯახებს არ აქვთ საშუალება, ბავშვებს სკოლაში საკვები გაატანონ ან შეუძინონ სასწავლო დაწესებულებისათვის საჭირო ტანისამოსი და აქსესუარები. სწორედ ზევით აღნიშნული პრობლემები წარმოადგენს განვითარებად ქვეყნებში ქალთა გაუნათლებლობის მაღალი დონის დასაბამს.

ოჯახებისათვის ფინანსურად უფრო მომგებიანია, რომ ბავშვებმა იმუშაონ, ვიდრე განათლება მიიღონ. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში განათლების მიღების მაგიერ პატარებს არალეგალურად, ფიზიკურად უწევთ სხვადასხვა ე.წ. შავი საქმის კეთება მშობლების დახმარების მიზნით.

აღნიშნული პრობლემა თავს იჩენს ზოგიერთ პოსტკომუნისტურ ქვეყანაშიც. მსოფლიო ბანკის 2010 წლის მონაცემებით, მოლდოვაში 7-14 წლამდე მოზარდთა 32.8%-ს უწევდა მინიმუმ 1 საათი  შრომა შემოსავლის მიღების მიზნით. უზბეკეთში აღნიშნული ნიშნული იმავე წელს 13.99%-ს უდრიდა ხოლო 2007 წელს კი დადგინდა, რომ ყირგიზეთში ახალგაზრდების 35.6%-ს უწევდა მუშაობა.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები დამატებითი შემოსავლისათვის თავიანთ შვილებს აბარებენ სხვადასხვა დაწესებულებს პროსტიტუციის მიზნით. გაერთიანებული ერების მონაცემების მიხედვით, დღეს დაახლოებით ათი მილიონი მოზარდი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელთა უმეტესობას გოგონები წარმოადგენენ. ვარაუდობენ, რომ ყველაზე ცუდი ვითარება მოზარდთა პროსტიტუციის მხრივ ტაილანდში და ბრაზილიაშია, სადაც შესაბამისად დაახლოებით 600,000 და 400,000 ტრეფიკინგის მსხვერპლი ბინადრობს.

აღნიშნულ ახალგაზრდა გოგონებს არათუ განათლების მისაღებად, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკური გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. მათ პატარა ასაკიდანვე აქვთ შეხება სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან და თავიანთი "პროფესიის" გამო ხშირად ხდებიან სხვადასხვა ფიზიკური გზით გადამდები დაავადების მსხვერპლი, რომლებიც ხშირად ფატალურ ეფექტს ახდენს მათზე.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და იმისათვის, რომ პატარა გოგონებმა შეძლონ განათლების მიღება, ზოგიერთ სახელმწიფოში მთავრობა აფინანსებს იმ ოჯახებს, რომელთა ქალიშვილებიც  სკოლაში დადიან. ასევე, დამატებითი ყურადღება ექცევა სკოლაში/სკოლიდან ტრასპორტირებას და სასწავლო დაწესებულებაში სანიტარული ნორმების დაცვას, რადგან გამართული სასწავლო შენობები იშვიათია და მოქალაქეების უსახსრობის გამო, სახელმწიფო მოსწავლეთა გადაადგილების ხარჯებს თავის თავზე იღებს.

ბ.პატრიარქალური კულტურა

მსოფლიოში გავრცელებული პატრიარქალური კულტურა ადამიანის, განსაკუთრებით კი ქალთა ცხოვრებას ავტომატურად უკეთებს გარკვეულ დიზაინს/მონახაზს. მსოფლიო იმდენად დარწმუნებულია მამაკაცთა უპირატესობაში რომ ხშირად (განსაკუთრებით მუსულმანურ ქვეყნებში), მშობლები თავიანთ შვილებს განასხვავებენ მათი სქესის და არა პიროვნული თვისებების მიხედვით.  

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 1989 წელს ჩატარებულ კვლევაში გაანალიზებულია, თუ რატომ ანიჭებენ უპირატესობას მშობლების უმეტესობა თავიანთ ვაჟებს, როდესაც ისინი იღებენ გადაწყვეტილებას თუ მათმა რომელმა შვილმა (გოგომ თუ ბიჭმა) უნდა მიიღოს განათლება. პირველ რიგში, მიზეზი აღნიშნული ფაქტის არის ის, რომ გოგონებზე დახარჯული ინვესტიციის უკან მიღებას დიდი დრო სჭირდება, რადგან, თუნდაც განვითარებულ ქვეყნებში, ქალების ხელფასი იმავე პოზიციაზე მყოფი მამაკაცების გასამრჯელოს 80%-ს შეადგენს.

რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, სადაც ქალთა უფლებები ყოველდღე არის დარღვეული, ხშირ შემთხვევაში საზოგადოების არსებული კულტურული შეხედულების მიხედვით, სუსტი სქესის წარმომადგენლები საერთოდ ვერ ახერხებენ მუშაობას. შესაბამისად, მშობლის გოგონასთვის სწავლაში გადახდილი ფული დანაკარგად ითვლება.

მეორე მიზეზი ზემოხსენებული გადაწყვეტილების კი არის ის, რომ მშობლები "პირდაპირ" მოგებას ნახულობენ ვაჟის განათლებიდან. კონკრეტულად, საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებების მიხედვით, ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცი დაოჯახების შემდეგ სხვა ოჯახში არ გადავა საცხოვრებლად. ძირითადად ხომ კაცები ითვლებიან მშობლების მემკვიდრეებად და მათ სავარაუდო მომვლელებად.

რაც შეეხება მესამე მიზეზს, ის მარტივია და აქაც, პატრიარქალური შეხედულებების თანახმად, მშობლებს უბრალოდ უფრო მეტად უყვართ თავიანთი ბიჭები, ვიდრე ქალიშვილები, და მიაჩნიათ, რომ კაცებს მეტის სწავლის უნარი აქვთ.

კულტურიდან გამომდინარე, ისეთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, როგორებიცაა უზბეკეთი და თურქმენეთი, ხელისუფლებაც კი უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებს, რადგან, 2015 წლის მონაცემებით, ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში არ არსებობს კანონები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ.

გ.  ნაადრევი ქორწინება

ნაადრევი ქორწინება ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ახალგაზრდა ქალები ვერ ახერხებენ განათლების მიღებას. რელიგია, ოჯახის დაბალი შემოსავალი და საზოგადოებაში გავრცელებული კულტურა, მოტივაციას აძლევს მშობლებს (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში), რომ თავიანთი შვილები ნაადრევად დააქორწინონ. მსგავსი ტიპის საზოგადოებაში ქალს არ აღიქვავენ სრულფასოვან წევრად და იგი მხოლოდ ოჯახის ქონებად ითვლება. სამწუხაროდ, მრავალ მუსულმანურ კულტურაში (განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებსაც დაბალი გენდერული თავისუფლების მაჩვენებლები აქვთ, მაგ., ავღანეთში), მამის დაუმორჩილებლობა ადათ-წესების მიხედვით, ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდა ქალების მკვლელობით ან დასახიჩრებით მთავრდება.

თუმცა, ნაადრევად გათხოვილი ახალგაზრდა ქალებიც ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. 2001 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დადგენილია, რომ ეგვიპტეში ნაადრევად დაოჯახებული გოგონათაგან 29%-ს განუცდია ძალადობა. აღნიშნული გოგონების 41%-ზე ძალადობა კი სწორედ  დაოჯახების შემდგომ მათი ორსულობის პერიოდში მოხდა.

ასევე, უნდა აღინიშნოს რომ ნაადრევი ქორწინების  პრობლემები გვხვდება არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ქალთა დაბალი განათლების დონეა, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც:

ცხრილი1

არასრულწლოვანთადაოჯახებისსტატისტიკა 2008-2014 წლებში[3]

 

Child marriage (%)
(2008-2014)*

 

Countries

Married by 15

Married by 18

Armenia

0

7

Azerbaijan

2

11

Belarus

0

3

Estonia

Georgia

1

14

Kazakhstan

0

6

Kyrgyzstan

1

12

Latvia

Lithuania

Republic of Moldova

0

12

Turkmenistan

1

7

Tajikistan

0

12

Ukraine

0

9

Uzbekistan

0

7

2014 წლის გაეროს მონაცემების მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ოფიციალურად საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ახალგაზრდები ოჯახდებოდნენ 18 წლამდე.

მაღალი ქორწინების რაოდენობის შესაბამისად, ჩვენ სამშობლოში ასევე ხშირია არასრულწლოვანთა ორსულობაც:

 

ნახაზი3.მოზარდთა ფეხმძიმობის მაჩვენებელი (15-19 წლამდე ახალგაზრდებში)[4]

კომუნისტური რეჟიმის მოშლის შემდგომ, როგორც ნახაზზე ჩანს, მოზარდთა ორსულობის ყველაზე მაღალი რაოდენობა სომხეთსა და საქართველოში იყო, თუმცა ბოლო 25 წლის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში სიტუაცია დასტაბილურდა.

გაერთიანებული ერების 2008-2014 წლის მონაცემებით, სომხეთში ქალთა უმრავლესობას (99%) კითხვის და წერის უნარი აქვს, თუმცა გოგონების 7%  გაჭირვების და, ხშირად, საზოგადოებაში არსებული ტრადიციების გამო,  ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად 18 წლამდე ქორწინდება. ასევე, ტრადიციისამებრ, გოგონები, რომლებიც დაოჯახდნენ უარს ამბობენ განათლების მიღების გაგრძელებაზე და ხშირ შემთხვევაში სკოლასაც კი ვერ ამთავრებენ.

ახალგაზრდების ნაადრევი ქორწინების საყურადღებო მონაცემები გვხვდება საქართველოშიც, ჩვენთან, სომხეთთან შედარებით, ქალთა 14% დაქორწინებულია 18 წლამდე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ფაქტების გამომწვევი მიზეზები ჩვენს ქვეყანაში იგივეა რაც სომხეთში, რადგან კულტურისა და ეკონომიკის მსგავსება ორ სახელმწიფოს შორის არსებობს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანაში ქალბატონებს ეძლევათ საშუალება, განათლება მიიღონ, ისინი, ხშირ შემთხვევაში, მიღებულ ცოდნას გათხოვების შემდგომ, მომავალში, სათანადოდ არ იყენებენ და ან ნახევარ განაკვეთზე ეძებენ სამუშაოს, ან კიდევ, მარტივ გონებრივ სამუშაოს იმისათვის, რომ მათ ახალ შექმნილ ოჯახებს ხელი შეუწყონ.

3. რჩევები

ა. ქალთა განათლების და/ან გადამზადების ცენტრების შექმნა

მთავრობას შეუძლია მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს იმ ქალებს, რომლებსაც სურთ მიიღონ პროფესიული განათლება და/ან დაიწყონ მუშაობა. მაგალითად, კორეის ხელისუფლებამ 2014 წელს, ქვეყნის მასშტაბით გახსნა გადამზადების ცენტრის, "რესტარტის" 120 ფილიალი.  "რესტარტი" ერთადერთი მხარდამჭერი ცენტრია ქალებისა, რომელთა კარიერას ხელი მშობიარობამ, ბავშვის მოვლამ შეუშალა. ცენტრების მეშვეობით დასაქმებაზე კონსულტაციის და პროფესიული მომზადების შედეგად 1.03 მილიონმა ქალმა სამსახური იპოვა, მაშინ, როდესაც 2.1 მილიონი  დასაქმების პრეტენდენტმა მიმართა გადამზადების ცენტრებს.

ბ.  მოტივაციის ამაღლება

მთავრობამ უნდა მოუწოდოს კერძო კომპანიებს, გაატარონ ორგანიზაციებში გენდერული მრავალფეროვნების პოლიტიკა, დაისახონ კონკრეტული მიზნები და აწარმოონ ანგარიშები, თუ როგორ სრულდება მათი გეგმები. ასევე, იმისათვის, რომ ქალებს ჰქონდეთ დამატებითი მოტივაცია განათლების მისაღებად, სასურველია, გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა მთავრობაში და მათთვის იქ დაწესდეს ახალი კვოტები.

 გ.  განათლების სფეროში ინვესტიციების გაკეთება

სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, როგორც ზემოთმოცემულმა მაგალითებმა დაასაბუთა, უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალთა უნარების და განათლების დონის ამაღლებას, არამედ იგი ეხმარება სახელმწიფოებს, რომ გააუმჯობესონ თავიანთი მშპ-ს მონაცემები, ებრძოლონ ბავშვთა გარდაცვალების მაღალ რაოდენობას და გააკეთონ დამატებითი ინვესტიციები მომავალში. 

დ. ნაადრევი ქორწინებების დაპ როსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა

ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლას, გაერთიანებული ერების წარმომადგენლები სწორედ განათლების, გამკაცრებული კანონების და ინფორმაციული შეხვედრებით გვირჩევენ. საზოგადოებაზე განსაკუთრებით დიდი ეფექტი აქვს, თუ აღნიშნულ ინფორმაციულ შეხვედრებს რელიგიური წარმომადგენლებიც ესწრებიან. რაც შეეხება პროსტიტუციას, ისინი სახელმწიფოებს ურჩევენ, რომ ეფექტური რეაგირება მოახდინონ ტრეფიკინგის მცირეოდენ მინიშნებებზეც კი.

 დასკვნა

"განათლება ყველაზე ეფექტური იარაღია მსოფლიოს შესაცვლელად" ნელსონ მანდელას ეს სიტყვები ზუსტად ერგება ქალთა განათლებით გამოწვეულ იმ ინოვაციებს ეკონომიკისა თუ ფინანსების სფეროში, რომელიც დღევანდელ გლობალურ ეკონომიკურ ბაზარს ცვლის.

სტატიაში მოცემული ინფორმაციის შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ქალთა განათლებას არა მხოლოდ დადებითი ეკონომიკური, არამედ მრავალი სოციალური უპირატესობებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ განათლებას, მხოლოდ პოზიტიური როლის თამაში შეუძლია ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში, 21-ე საუკუნეშიც კი, მსოფლიოს გარშემო არსებობს მრავალი ისეთი პრობლემა როგორიც არის: მატერიალური სიდუხჭირე, ტრეფიკინგი, პატრიარქალური კულტურის კლიშეები და ნაადრევი ქორწინება, რომელიც არა მხოლოდ  ხელს უშლის ქალების განათლებას, არამედ, ყველაზე უარეს შემთხვევაში, სავალალო შედეგებითაც კი მთავრდება.

თუმცა, სახელმწიფოების თანამშრომლობით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სწორი პოლიტიკის გატარებით, კიდევ უფრო მეტ ქალბატონებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ განვითარდნენ პროფესიულად და კიდევ უფრო გაავრცელონ ე.წ "ქალთა ეკონომიკა", რომლის ფენომენსაც ყოველდღიურად უფრო მეტი ყურადღება ექცევა და კვლევა ეძღვნება.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. And Women’s Empowerment, as Recommended by the UN High Level Panel on the Post-2015 (2015): n. pag. OECD. Web. <https://www.oecd.org/dac/gender-development/POST-2015%20Gender.pdf>.
  2. Digest. EARLY MARRIAGE (2001): n. pag. United Nations. Web. <https://www.unicef-irc.org/publications/pdf/digest7e.pdf.
  3. Doepke, Matthias, Michele Tertilt, and Alessandra Voena. The Economics and Politics of Women’s Rights ∗ (2005): n. pag. Harvard University; Northwestern University; University of Mannheim;. Web. http://faculty.wcas.northwestern.edu/~mdo738/research/Doepke_Tertilt_Voena_1211.pdf."Evaluation of the IMF's Role in Poverty Reduction Strategy Papers and the Poverty Reduction and Growth Facility." A Gender Action Publication (2004): n. pag. Gender Action. World Bank.
  4. Web. <http://genderaction.org/images/GA%20PRSP%20and%20Gender%20Primer.pdf.
  5. "Facts and Figures: Economic Empowerment." UN Women. N.p., n.d. Web.
  6. "Gender Equality in Education, Employment and Entrepreneurship: Final Report to the MCM 2012." OECD. N.p., n.d. Web.
  7. "Global Report on Trafficking in Persons." Respirology 16.1 (2011): 183-84. United Nations. Web. <http://www.unodc.org/documents/Global_Report_on_TIP.pdf>.
  8. "Human Development Reports." Human Development Reports. United Nations, n.d. Web.. <http://hdr.undp.org/en/indicators/137506#>.
  9. "Expenditure on Education as % of Total Government Expenditure (%)." Expenditure on Education as % of Total Government Expenditure (%) | Data. World Bank, n.d. . <http://data.worldbank.org/indicator/SE.XPD.TOTL.GB.ZS>.
  10. Integrating Gender into the World Bank's Work: A Strategy for Action. Washington, D.C.: World Bank, 2002. World Bank. Web.  http://siteresources.worldbank.org/INTGENDER/Resources/strategypaper.pdf.

     11."Mortality Rate, Infant (per 1,000 Live Births)." Mortality Rate, Infant (per 1,000 Live Births) | Data. N.p., n.d. Web.  Jan. 2017 <http://data.worldbank.org/indicator/SP.DYN.IMRT.IN>.

     12. "School Enrollment, Tertiary (gross), Gender Parity Index (GPI)." School Enrollment, Tertiary (gross), Gender Parity Index (GPI) | Data. World Bank, n.d. Web. 15 Jan. 2017. <http://data.worldbank.org/indicator/SE.ENR.TERT.FM.ZS>.



[1] "Human Development Reports." Human Development Reports. United Nations, n.d. Web.  http://hdr.undp.org/en/indicators/137506#;

"School Enrollment, Tertiary (gross), Gender Parity Index (GPI)." School Enrollment, Tertiary (gross), Gender Parity Index (GPI) | Data. World Bank, n.d. Web. 15 Jan. 2017.  http://data.worldbank.org/indicator/SE.ENR.TERT.FM.ZS>;

"School Enrollment, Tertiary (gross), Gender Parity Index (GPI)." School Enrollment, Tertiary (gross), Gender Parity Index (GPI) | Data. World Bank, n.d. Web. 15 Jan. 2017. http://data.worldbank.org/indicator/SE.ENR.TERT.FM.ZS>;

"Mortality Rate, Infant (per 1,000 Live Births)." Mortality Rate, Infant (per 1,000 Live Births) | Data. N.p., n.d. Web. 15 Jan. 2017. http://data.worldbank.org/indicator/SP.DYN.IMRT.IN;

"Expenditure on Education as % of Total Government Expenditure (%)." Expenditure on Education as % of Total Government Expenditure (%) | Data. World Bank, n.d. Web. 15 Jan. 2017.  http://data.worldbank.org/indicator/SE.XPD.TOTL.GB.ZS>.

 

[2] Doepke, Matthias, Michele Tertilt, and Alessandra Voena. The Economics and Politics of Women’s Rights ∗ (2005): n. pag. Harvard University; Northwestern University; University of Mannheim;. Web.

[3] "Child Marriage." UNICEF DATA. UNICEF, n.d. Web. <https://data.unicef.org/topic/child-protection/child-marriage/>

[4] "Adolescent Fertility Rate (births per 1,000 Women Ages 15-19)." Adolescent Fertility Rate (births per 1,000 Women Ages 15-19) | Data. N.p., n.d.  <http://data.worldbank.org/indicator/SP.ADO.TFRT>.